საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი (ყოფილი საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება) დაარსდა 1923 წლის 21 თებერვალს. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იყო ანდრია რაზმაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1929 წლიდან საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება იყო უმოქმედო 1962 წლამდე, როდესაც იგი თავიდან შეიქმნა ვ.კუპრაძის, ბ.ხვედელიძის, ლ.გოკიელისა და ა.ხარაძის ძალისხმევით.
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მისიას წარმოადგენს მათემატიკური მეცნიერებების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. აგრეთვე, პროფესიონალი მათემატიკოსების დახმარება, კავშირის წევრების უფლებების დაცვა, თანამშრომლობის გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა საერთაშორისო მათემატიკური კავშირი და ევროპის მატემატიკოსთა საზოგადოება. ამისათვის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს შეხვედრებს, სადაც განიხილება ახალი სამეცნიერო შედეგები. აგრეთვე ეწყობა ღვაწლმოსილ, გამორჩეულ მათემატიკოსთა ხსოვნის საღამოები. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირში განიხილება მათემატიკური კვლევების და სწავლების მწვავე პრობლემები, ხდება მასწავლებლებთან თანამშრომლობა, მონაწილეობას იღებს განათლების სტანდარტებისა და მათემატიკის სახელმძღვანელოების შემუშავებაში.
საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოების პირველი პრეზიდენტი 1923-1929 იყო ანდრია რაზმაძე. 1962 წლიდან ვიქტორ კუპრაძე ჩაუდგა სათავეში განახლებულ საზოგადოებას (1962-1966). შემდეგ იყვნენ ლევან გოკიელი (1966-1970), არჩილ ხარაძე (1970-1974) და ლევან მაღნარაძე (1974-1994).
1990 წელს საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება გახდა ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 1991 წელს გახდა საერთაშორისო მათემატიკური კავშირის წევრი. 1994 წელს მას გადაერქვა სახელი და გახდა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი. მას შემდეგ პრეზიდენტები იყვნენ დავით ნატროშვილი (1994-1997 და 2017-2022), როლანდ დუდუჩავა (1997-2001 და 2009-2017), თემურ ვეფხვაძე (2001-2005), ჯონდო შარიქაძე (2005-2009) და ალექსანდრე მესხი (2022-დღემდე).