საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის შალვა ფხაკაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ (1919-1994)

მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი შალვა ფხაკაძე დაიბადა 1919 წლის 7 აპრილს. 1941 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რის შემდეგაც ის 10 წლის განმავლობაში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული ზესტაფონის რაიონის სოფლის სკოლებში. მიუხედავად ამისა, მან შეძლო არ მოწყვეტოდა კვლევით პროცესებს და სამასწავლებლო საქმიანობის პარალელურად დაიწყო იმ დროს მეტად აქტუალური სამეცნიერო თემების შესწავლა.

მისი ამ ზემოხაზგასმული დამოუკიდებელი კვლევების შედეგი იყო ის, რომ 1952 წელს ის მიიწვიეს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1956 წელს კი გამოსაქვეყნებლად წარადგინა სადოქტორო ნაშრომი „ლებეგის ტიპის ზომის თეორიისათვის“, რომელიც, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათემატიკის ინსტიტუტში სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებები შეჩერებული იყო, წარმატებით დაიცვა 1959 წელს. ცნობილი რუსი მათემატიკოსი პეტრე ნოვიკოვი მის ამ ნაშრომთან დაკავშირებით წერდა: „ზომის თეორიაში გაგრძელებადობის პრობლემა ერთ-ერთი ფუნდამენტურია და, ბუნებრივია, ეს საკითხი იწვევდა და იწვევს დიდ ინტერესს. მიუხედავად ამისა, ლებეგის ტიპის ზომის გაგრძელებადობის თაობაზე დასმული ამოცანის ამოხსნა არ ჩანდა და წინაც არ მიიწევდა. განსახილველი დისერტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს აღნიშნული მიმართულებით, უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, მან თეორია დაძრა მკვდარი წერტილიდან“. - ამგვარად, 1952-1956 წლებში, ანუ სულ რაღაც 4 წელიწადში, მან არა მხოლოდ დაიპყრო იმ დროისათვის მეტად მაღალი სამეცნიერო სტანდარტების მქონე საკანდიდატო და სადოქტორო საფეხურები, არამედ ისიც შეძლო მკვდარი წერტილიდან დაეძრა ანუ განმავითარებელი ბიძგი მიეცა ერთ-ერთი მაშინ მეტად აქტუალური მათემატიკური მიმართულებისათვის, რაც მთლიანობაში, მოკლე დროში სამეცნიერო შედეგების წინ წაწევის თითქმის უპრეცედენტო ნიმუშია.

1960 წლიდან, სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, იგი აქტიურად ებმება საუნივერსიტეტო პედაგოგიურ საქმიანობაში. 1965 წელს მას მიენიჭა პროფესორის, 1967 წელს კი - მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

მიუხედავად ზომის თეორიაში მისი ზემოხაზგასმული მეტად მნიშვნელოვანი შედეგებისა, 1967-1969 წლებში, იგი იცვლის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს და იწყებს მათემატიკური ლოგიკის შესწავლას. ცხადია, მისთვის, სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს ასეთი რადიკალური ცვლილება არ იყო ადვილი. თუმცა, საქართველოში მათემატიკური ლოგიკის ფორმირების აუცილებლობის გათვალისწინებით მან ეს ნაბიჯი გადადგა და 1969 წელს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა „მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის“ განყოფილება, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირველი ქართული კვლევები კლასიკურ მათემატიკურ ლოგიკაში. აღნიშნულის პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე იგი უძღვება მათემატიკური ლოგიკის საუნივერსიტეტო და სპეციალურ კურსებს.

ხაზგასასმელია აგრეთვე 1969 წლიდან დაწყებული მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მეორე - მათემატიკური ლოგიკის ეტაპის ასევე მეტად მნიშვნელოვანი შედეგები. კერძოდ, 1984 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით „ინტუიციურად გამოთვლადი და ყველგან განსაზღვრული ფუნქციის ერთი მაგალითი და ჩორჩის თეზისი“, რომლითაც პირველად დააყენა ეჭვქვეშ მაშინ ეჭვგარეშედ მყოფი ჩორჩის თეზისი. არადა, დღეს უკვე, სპეციალისტებს შორის ჩორჩის თეზისისადმი დამოკიდებულება რადიკალურადაა შეცვლილი - ხშირად ქვეყნდება მისი უარმყოფელი მოსაზრებები და ნაშრომები, რაც ამ თეზისის საპირისპირო თეზისის ანუ ფხაკაძის თეზისის მართებულობას დღითი დღე უფრო სარწმუნოს ხდის. თუმცა, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი თეზისის უარყოფა, როგორიც ჩორჩის თეზისია, იმას, რაც მან აღნიშვნათა თეორიით მათემატიკურ ლოგიკას შესძინა, ვერ შეედრება. კერძოდ, შალვა ფხაკაძის აღნიშვნათა თეორია, რომელსაც მან საფუძვლები 1977 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით „აღნიშვნათა თეორიის ზოგიერთი საკითხი“ ჩაუყარა, არის თეორია, რომელმაც მანამდე ფორმალურად არაგანვითარებადი კლასიკური მათემატიკური ფორმალიზმი ფორმალურად განვითარებადობის შესაძლებლობებით აღჭურვა, რაც, ცხადია, ფორმალური მიდგომების შემდგომი აუცილებელი განვითარების მოთხოვნებისა და მიზნების გათვალისწინებით, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშვნათა თეორიამ უკვე შეიტანა თავისი საფუძველმდებითი წვლილი ისეთი მნიშვნელოვანი მათემატიკური თეორიის განვითარებაში, როგორიცაა ტერმთა გადამწერი სისტემები. კერძოდ, თუ ტერმთა გადამწერი სისტემების თეორიის განვითარების პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ გამოსახულებების გამოთვლები, რომლებიც არ შეიცავდნენ დაბმულ ცვლადებს, ფხაკაძის აღნიშვნათა თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა მაღალი რიგის ტერმთა გადამწერი სისტემების თეორია, რომელიც, დღეს უკვე, ტერმთა გადამწერი სისტემების თეორიის მეტად მნიშნელოვანი ნაწილია. - ეს კიდევ ერთი ცხადი დასტურია მათემატიკურ ლოგიკაში შალვა ფხაკაძის აღნიშვნათა თეორიის ფუნდამენტური მნიშვნელობებისა.

ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ბოლოთქმის სახით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შალვა ფხაკაძის ამ არც თუ მთლად სტანდარტული სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი შედეგი ისაა, რომ, დღეს, სხვა ქართულ კლასიკურ მათემატიკურ სკოლებთან ერთად, არსებობს და ვითარდება აგრეთვე კლასიკური მათემატიკური ლოგიკის ქართული სკოლაც, რომლის დამფუძნებელიც არის ის.


2019 წლის 3 აპრილს, ოთხშაბათს, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ილია ვეკუას აუდიტორიაში ჩატარდება

სამეცნიერო სესია

მიძღვნილი საქართველოში კლასიკური მათემატიკური ლოგიკის სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შალვა ფხაკაძის ხსოვნისადმი

15:00 საათზე სესიას გახსნის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი ჯაიანი

სესიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მოხსენებები:
15:05 – 15:35 რუხაია ხიმური. შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა
15:40 – 16:10 ომანაძე როლანდი. კვაზი-დაყვანადობის ერთი ვარიანტის შესახებ
16:15 – 16:45 ყიფიანი არჩილი. ჰამელის მონო-უნარული ალგებრების შესახებ
16:50 – 17:20 ხარაზიშვილი ალექსანდრე. თითქმის ინვარიანტული სიმრავლეების გამოყენებების შესახებ
17:25 – 17:55 კირთაძე ალექსანდრე. მცირე სიმრავლეების ალგებრული ჯამების შესახებ
18:00 – 18:30 ფხაკაძე კონსტანტინე. აღნიშვნათა თეორია როგორც ქართული ენის თეზისების თეორიული საფუძველი