კოლეგის გახსნება - ხიმური რუხაია 75

ქართული მათემატიკური ლოგიკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ხიმური რუხაია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 2020 წლის 28 აპრილს.

2021 წელს ხიმური რუხაიას დაბადებიდან 75 წელი სრულდება და ჩვენ, მის მოწაფეებსა და კოლეგებს, უფლება არ გვქონდა პატივი არ მიგვეგო ამ მეტად წარმატებული მეცნიერის, პედაგოგისა და მეოჯახის ნათელი ხსოვნისადმი, რადგან გარდა ამ ყველაფრისა ხიმური რუხაიამ ქართულ მათემატიკურ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა აგრეთვე თავისი გამორჩეული ერთგულებით, წესიერებითა და კაცთმოყვარეობით, რაც, მთლიანობაში, პირდაპირი მიზეზია იმისა, რომ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XI საერთაშორისო კონფერენციის თემატური სექცია „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ მის ნათელს ხსოვნას მიეძღვნა.

ხიმური რუხაია დაიბადა 1946 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოში, მარტვილში, პედაგოგების ოჯახში. მამა, მიხეილ რუხაია, იყო დამსახურებული მასწავლებელი, სხვადასხვა დროს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალი კინდღის საშუალო სკოლის დირექტორი და სოფლის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. დედა, ნინო კუცია, აგრეთვე დამსახურებული მასწავლებელი, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოღვაწეობდა სკოლაში, გარკვეული პერიოდი იყო დირექტორის მოადგილეც.

ხიმური რუხაიამ 1963 წელს დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალი კინდღის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1968 წელს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე, მათ შორის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მათემატიკური ლოგიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილების გამგედ. 1974-75 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ვარშავის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში.

ხიმური რუხაიამ 1980 წელს ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მასწავლებლის, ქართული კლასიკური მათემატიკური ლოგიკის სკოლის ფუძემდებლის პროფესორ შალვა ფხაკაძის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „შემამოკლებელი სიმბოლოების სისტემის შესახებ“, ხოლო 1986 წელს სსრკ უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მას მიანიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება, სპეციალობით მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორია.

ხიმური რუხაიას კვლევის ინტერესთა სფერო იყო კლასიკური და კომპიუტერული ლოგიკა. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია და ხუთი სახელმძღვანელო, ავტორია ექვსი გამოგონების. მის ამ კვლევებში არსებითად გამოყენებულია შალვა ფხაკაძისეული აღნიშვნათა თეორიის ფარგლებში შემუშავებული მათემატიკური ტიპის ფორმალური თეორიების აგების პრინციპი, რომელიც ძალიან პროდუქტიულია და იძლევა რიგი მნიშვნელოვანი შედეგების მიღების საშუალებას.

ხიმური რუხაია ხშირად მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში; ჰქონდა მჭიდრო პროფესიული კონტაქტები ქართველ და უცხოელ კოლეგებთან. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, სიმპოზიუმი და სეზონური სკოლა. მათ შორის აღსანიშნავია საკავშირო კონფერენციები მათემატიკურ ლოგიკაში და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი "ენა, ლოგიკა და გამოთვლები", რომელიც 1995 წლიდან რეგულარულად იმართება ამ დარგების არაერთი ცნობილი მეცნიერის მონაწილეობით.

2004 წლიდან ხიმური რუხაია ავსტრიელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად ყოველწლიურად ატარებდა აგრეთვე თბილისის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას "ენა და ლოგიკა", სადაც ლექციებს კითხულობდნენ დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული მეცნიერები. მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ყოველთვის მაღალი დონისა იყო და დიდ ინტერესს იწვევდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სამეცნიერო წრეებში, ასევე სტუდენტებში.

სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობათა პარალელურად, ხიმური რუხაია, 1976 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1985 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2006 წლიდან იყო ასოცირებული პროფესორი. თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისი ხელმძღვანელობით შვიდმა დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა დოქტორის ხარისხი. ესენია: კონსტანტინე ფხაკაძე, ლალი ტიბუა, ციალა ძიძიგური, მზია ფაცაცია, თემურ ორმოცაძე, მზია ტალახაძე, ნანა ფიფია.

ხიმური რუხაიამ მრავალ ახალგაზრდას გაუხსნა გზა მეცნიერებაში, დააკავშირა კოლეგებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აკვალიანებდა, ეხმარებოდა და თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა მათ. მისი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ბევრ მის მოწაფეს მძიმე წლებშიც კი არ აცრუებია გული კვლევით საქმიანობაზე და შემდეგში წარმატებული მეცნიერები გახდნენ.

ხიმური რუხაია იყო არამარტო კარგი მეცნიერი და პედაგოგი, არამედ სამაგალითო მეოჯახე. იგი როგორც მის მოწაფეებთან, ისე შვილებთან მიმართებაში ყოველთვის მოქმედებდა პრინცით "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა". ამ მხრივ აუცილებლად ხაზგასასმელია და დასაფასებელია ის, რომ ხიმური რუხაიამ მეუღლესთან - ქრისტინე ჯმუხაძესთან ერთად ქვეყანას აღუზარდა ოთხი შვილი, რომლებიც ამაყად აგრძელებენ ოჯახურ ტრადიციას:

უფროსი ქალიშვილი, ნინო რუხაია მოსემღვდლიშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2014 წლიდან მოღვაწეობს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, რისთვისაც 2021 წელს გადაეცა III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის".

მიხეილ რუხაია (უმცროსი), კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, გაჰყვა მამის ნაკვალევს და ამჟამად არის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გიორგი რუხაია, საფრანგეთის ავტომატიკისა და ინფორმატიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; ამჟამად, ევროკავშირის მარია კიურის გრანტის ROMSOC-ის ფარგლებში, მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე გამოყენებით მათემატიკაში.

ვახტანგ რუხაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.

უკვე ერთი წელია, რაც ხიმური რუხაია ცათა სასუფეველშია თავის საამაყო მშობლებთან და სახელოვან წინაპრებთან ერთად. უკვე ერთი წელია, რაც ჩაირთო მისი იმქვეყნიური ყოფის ჟამთაღმრიცხველი, თუმცა, გამომდინარე მისი ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან, ზუსტად ვიცით, რომ ხიმური რუხაია ყოველთვის დარჩება კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, შესანიშნავი კოლეგის, მასწავლებლისა და გულთბილი, საიმედო მეგობრის სანიმუშო მაგალითად.

ლალი ტიბუა - მეცნიერი თანამშრომელი, ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბესიკ დუნდუა - მეცნიერი თანამშრომელი, ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსტანტინე ფხაკაძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი.

თემურ კუცია - ასოცირებული პროფესორი, სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ცენტრი, ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, ავსტრია