პროფესორ ჯონდო შარიქაძის გამოსათხოვარი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეც­ნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯონ­დო შარიქაძე.

ჯ. შარიქაძე დაიბადა თბილისში 1932 წელს. 1954 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავ­ლა გააგრძელა თსუ ასპირანტურაში. 1960 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს - სადოქტორო დისერ­ტა­ცია. 1960 წლიდან 2006 წლამდე მუშაობ­და თსუ ზოგადი მათემატიკის, უწყვეტ ტან­თა მექანიკისა და თეორიული მექა­ნი­კის კათედრებზე, სადაც მან გაიარა ყველა სა­ფე­ხური ასისტენტის თანამდებობიდან პრო­ფესორის თანამდებობამდე. 2006 წლიდან 2015 წლამდე იყო მიწვეული პროფესორი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტში. 2007-2016 წლებში იყო ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. იკვლევდა მათემატიკური მეცნიერების ისტორიის საკითხებს, იყო მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერების ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. ჯ. შარიქაძის სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფერო იყო ჰიდროაეროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდრო­დი­ნა­მი­კის ამოცანები. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო სტატია, სამი სახელმძღვანელო, შვიდი მონოგრაფია და ხუთი ბროშურა. იგი მონაწილეობდა მრავალ კონფერენ­ციაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარ­გარეთ. ჰქონდა მჭიდრო პროფესიული კონ­ტაქტები ქართველ და უცხოელ კოლეგებთან. 2005-2009 წლებში იყო საქართველოს მათე­მა­ტი­კოს­თა კავშირის პრეზიდენტი, დაარსების დღიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მექანიკოსთა კავ­შირის პრეზიდიუმის წევრი, ხელმძღვანელობდა მექანიკის ისტორიის სექციას. 1976-2006 წლებში ჯ. შარიქაძე იყო თბილისის უნივერსიტეტის შრომების რედაქტორი. იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი და ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „მათე­მა­ტიკა, მექანიკა“ რედაქტორი. ჯ. შარიქაძე დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და ღირსების ორდენით. ბატონმა ჯონდომ მრავალ ახალგაზრდას გაუხსნა გზა მეცნიე­რებაში, დააკავშირა კოლეგებთან, აკვალიანებდა, ეხმარებოდა და თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა მათ. მისი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ბევრ მის მოწაფეს მძიმე წლებშიც კი არ აცრუებია გული კვლევით საქმიანობაზე და შემდეგში წარმატებული მეცნიერები გახდნენ.

კოლეგები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარ­დაც­ვლილის ოჯახს. ჯონდო შარიქაძე დარჩება კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, შესანიშნავი კოლეგისა და გულთბილი, საიმედო მეგობრის მაგალითად.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

თსუ მათემატიკის დეპარტამენტი, მექანიკის კათედრა

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი

საქართველოს მექანიკოსთა კავშირი

თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი